2017 წლის 24 და 29 მარტს, 18 სთ-ზე, მუდმივმოქმედ სემინარზე "ბიბლიის ფილოლოგია" შედგა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (FR/309/2-161/13) "გელათის კატენებიანი ბიბლია" შუალედურ საანგარიშო მოხსენებები, რომლებიც წარმოადგინეს ანა ხარანაულმა და ვიქტორია ჯუღელმა:
მოხსენებაში "გელათის ბიბლიის თარგმანის ხასიათი" ანა ხარანაული და ვიქტორია ჯუღელი შეეხნენ ლევიტელთა, მეორე სჯულისა და რიცხვთა წიგნების კიმენისა და კატენის თარგმანის ტექნიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს: 1. კატენისა და კიმენის თარგმანების ხასიათი ერთმანეთთან მიმართებაში; 2. სხვადასხვა ავტორის თარგმანის ხასიათი; 3. გელათური თარგმანის ხასიათი ძველ თარგმანებთან მიმართებაში. საკითხი განხილული იყო სხვადასხვა ენობრივი მასალის (სინტაქსის, სიტყვაწარმოების) მაგალითზე და ილუსტრირებლი იყო მასალით. მოხსენებას კომენტარი გაუკეთა დამანა მელიქიშვლმა, რომელმაც გელათის ბიბლიის თარგმანის ხასიათი ე.წ. ელინოფილური თარგმანების კონტექსტში განიხილა და კონკრეტული მასალის საფუძველზე წარმოაჩინა ის ნიუანსები, რომელიც განასხვავებს ერთი სკოლის ფარგლებში შესრულებული თარგმანების ინდივიდუალურ სტილებს.
მოხსენებაში "ბიბლიური ციტაცია და ბიბლიის გელათური თარგმანის ისტორია" წარმოდგენილი და ფართოდ იყო განხილული გელათის ბიბლიის კატენებში ციტირებული ტექსტები 1. თავად ლევიტელთა, მეორე სჯულისა და რიცხვთა წიგნებიდან, 2. ძვ. აღთქმის სხვა წიგნებიდან და 3. ახალი აღთქმის წიგნებიდან. მომხსენებლები შეეხნენ შემდეგ საკითხებს: 1. რომელი რეცენზიით სარგებლობენ გელათელი მთარგმნელები ციტატების მოხმობისას იმ წიგნებიდან, რომელიც მათ არ უთარგმნიათ; 2. რამდენად ცვლიან ისინი პირადად მათი, ან მათ წრეში შექმნილ ტარგმანებს; 3. ცვლილებების ტიპები; 3. რამდენად მოქმედებს კონტექსტი ციტატირების ხასიათზე და სხვ. მოხსენება ინტერაქტიური ხასიათის იყო, მასში ჩაერთვნენ და საკუთარი გამოცდილება წარმოადგინეს პროექტის დამხმარე წევრებმა - თ. ჯიქურაშვილმა, ა. მაისურაძემ, ლ. აბრალავამ, ლ. ვაშაყმაძემ, აგრეთვე, ფილოლოგიის ბაკალავრმა თ. მაგრაქველიძემ.
ვიქტორა ჯუღელმა ასევე წარმოადგინა მოხსენება "გელათის ბიბლია - ბერძნული პროტოტიპის ძიებაში", რომელშიც მან სემინარის წევრებს გააცნო მისი ფლორენციის ლავრენციანას ბიბლიოთეკაში ხენაწერებზე მუშაობის გამოცდილება: მოკლედ წარმოადგინა ბიბლიოთეკის გარემო და დაახასიათა ხუთწიგნეულის ბერძნული კომენტარებიანი ხელნაწერები, რომლებიც ამ ბიბლიოთეკაში ინახება. მოხსენების თემასთან დაკავშირებით ისაუბრა ანა ხარანაულმაც, რომელმაც დამატებითი ცნობები წარმოადგინა ვენეციისა და პატმოსის კატენური ხელნაწრების შესახებ. მოხსენებამ თვალნათელი წარმოდგენა შეუქმნა დამსწრე აუდიტორიას კატენური ტრადიციის ისტორიის, მისი ფორმალური და შინაარსობლივი მახასიათებლების შესახებ. |