4 და 18 მარტს, 17 სთ-ზე, მუდმივმოქმედი სემინარზე "ბიბლიის ფილოლოგია"  წარდგენილ იქნა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის (FR/309/2-161/13) -  "გელათის კატენებიანი ბიბლია" შუალედური საანგარიშო მოხსენებები:

"ლევიტელთა, რიცხუთა და მეორე სჯულის  კატენების ქართული თარგმანი და პატმოსის ბერძნული ხელნაწერი" - მომხს. ანა ხარანაული, ვიქტორია ჯუღელი

"ლევიტელთა, რიცხუთა და მეორე სჯულის წიგნების კატენების ქართული თარგმანი და ბერძნული ტექსტები" - მომხს. ანა ხარანაული, დ. მელიქიშვილი

 

 

1.

მოხსენება "ლევიტელთა, რიცხუთა და მეორე სჯულის  კატენების ქართული თარგმანი და პატმოსის ბერძნული ხელნაწერი" წარმოდგენილი იყო ორ ნაწილად:

1. ვ. ჯუღელმა მსმენელებს წარმოუდგინა პატმოსის იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის მე-11 ს-ის ხელნაწერი 216 (=615) და ამ ხელნაწერის ფოტოფირების მოპოვების ისტორია. დაახასიათა ხელნაწერი პალეოგრაფიული, ტექნიკური თვალსაზრისით (ტექსტისა და მარგინალური კატენების განაწილების კუთხით). განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტექსტის სისრულეს, რისთვისაც და წარმოადგინა რიცხვთა და მეორე სჯულთას ხელნაწერის ყოველი გვერდის აღწერილობა "ჰენდაუთის" სახით.

2. ანა ხარანაულმა "ლევიტელთა" წიგნის მაგალითზე. დაახასიათა გელათური ხელნაწერისა და პატმოსის ხელნაწერის ტექსტების ურთიერთმიმართებები, გამოყო კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია თარგმანისა და ორიგინალის ტექსტების ნათესაობის დადგენა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეცდომებზე, როორც წყაროთა მიმართებების განსაზღვრის კრიტერიუმის არაერთმნიშვნელოვნებაზე.

მოხსენების შედეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემინარის წევრებმა. დისკუსია შეეხო კომენტარებიანი ხელნაწერების სპეციფიკას: დ. მელიქიშვილმა და ნ. მიროტაძემ ისაუბრეს იოანე პეტრიწის განმარტების ხელნაწერთა ფორმაზე, ნ. დობორჯგინიძემ - ფსალმუნთა კატენების ხელნაწერებზე. დისკუსიის ერთგვარი გაგრძელება იყო სემინარის წევრების მიერ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კომენტარებიანი ხელნაწერების ერთობლივი დათვალიერება.

 

 

2.

"ლევიტელთა, რიცხუთა და მეორე სჯულის წიგნების კატენების ქართული თარგმანი და ბერძნული ტექსტები" - მომხს. ანა ხარანაული, დ. მელიქიშვილი

            მოხსენების პირველ ნაწილში ა. ხარანაულმა კირილე ალექსანდრიელისა და ორიგენეს კომენტარების ტექსტების თარგმანების მაგალითზე ისაუბრა ქართული თარგმანის ხასიათზე - თარგმანის სიტყვასიტყვით, ე.წ. ელინოფილურ ტექნიკაზე და, განსაკუთრებით ორიგინალის "სიმულაციის" მეთოდზე, როდესაც ორიგინალისაგან გადახრა მისი სტილისტური თავისებურებების ხაზგასასმელად არის მოხმობილი და არ არის თარგმანის ენისათვის გაწეული კომპრომისის შედეგი.

            დ. მელიქიშვილის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორიგინალის ენის კალკირების მაგალითებს: თანდებულების სისტემას ("ძლით" თანდებულის მაგალითზე) და სიტყვაწარმოებას (კომპოზიციას და დერივაციას).

 

მოხსენების შედეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემინარის წევრებმა. დისკუსია შეეხო თარგმანის მეთოდს: ნ. დობორჯგინიძემ საკითხი შეაფასა შუა საუკუნეებში ენისადმი დამოკიდებულების - ქართული ენის "ემანსიპაციის" კუთხით. ლ. აბრალავამ და თ. ჯიქურაშვილმა მოიტანეს დამატებითი საილუსტრაციო მასალა გელათის კიმენის თარგმანებიდან.