ფილოლოგია, როგორც მეცნიერება, მისი რაობა და მეთოდიკა, შეიძლება ითქვას, რომ ორი წიგნის - ბიბლიისა და ჰომეროსის პოემების კითხვის, გამოცემისა და განმარტების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ბიბლიით სწავლობდნენ ყრმები წერა-კითხვას, ყმაწვილები - ტექსტის გააზრებას; ბიბლია ასწავლიდა მწერალს წერას; ბიბლია აყალიბებდა მკითხველს, ბიბლია უქმნიდა მას მხატვრუ გემოვნებას, ბიბლია ჟღინთავდა მხატვრული სახეებით და ასოციაციებით; ბიბლია სძენდა ადამიანს სულიერ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ბიბლია აძლევდა ფასეულობათა სისტემას. ბევრი ათეული წლის მანძილზე ბიბლია ქართულ უნივერსიტეტებში მხოლოდ მალულად და, შესაბამისად, შეზღუდული ფორმატითა და თემატიკით ისწავლებოდა. დღეს უკვე აღარაფერი ზღუდავს ბიბლიის შესწავლის მსურველებს - მათ, ვისაც ბიბლია აინტერესებს საღვთისმეტყველო თვალსაზრისით; ვისაც იტაცებს ბიბლიის არქეოლოგია, ძველი ისტორია; ვინც იკვლევს ბიბლიას, როგორც წყაროს მხატვრული აზროვნებისა და ლიტერატურული ჟანრების ანთოლოგიას; ვინც თარგმანის თეორიის პრობლემებითაა დაკავებული და უნდა იცოდეს, თუ როგორ ხორციელდება პრაქტიკულად ერთიდაიმავე ტექსტის სხვადასხვა ენაზე თარგმნა; ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება ახალი საზოგადოების ენა -"ბიბლიის ენა", რომელიც ყველა ხალხის ენაზე ერთნაირად ჟღერს და როგორ ხდება მისი გავლენით ნაციონალური ენებისა და ლიტერატურების წარმოქმნა. მაგრამ ყველაფერ ამის შესწავლა ბიბლიის სიტყვიერი ქსოვილის შესწავლით იწყება - იმის გარკვევით, თუ რამდენად ავთენტურია ის ტექსტი, რომელსაც ამათუიმ თვალსაზრისით ვიკვლევთ. მოკლედ, ბიბლიის ფილოლოგია ფუნდამენტია შემდგომი კვლევებისა და ამ კვლვების გამაერთიანებელია - იწყება ტექსტის გამოწვლილვითი წაკითხვის სწავლით, გრძელდება ენის - ლექსიკისა თუ გრამატიკული სტრუქტურის კვლევით და მთავრდება მისი მხატვრული და მსოფმხედველობითი ინტერპრეტაციით. როგორ მოვახერხოთ ბიბლიის ფილოლოგიის შესწავლა თსუ-ში? რა პროგრამები და რა კურსები დაგვეხმარება ამაში? და პირიქით: რა მიმართულებების უფრო ღრმა შესწავლას შეიძლება დაეხმაროს ბიბლიის ფილოლოგია? |