გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს
                                                                              (წმინდა) წერილი

     ბიბლიის ფილოლოგიის ისტორია უპირველეს ყოვლისა ბიბლიის ტექსტის თავდაპირველი ფორმის რეკონსტრუქციასთანაა დაკავშირებული და მკვლევართა ინტერესიც სწორედ ამ, არქეტიპის, მისი ტექსტუალური ფორმის, ენობრივი სტილის და თეოლოგიისკენ არის მიმართული, ყოველივე შემდგომი - ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებში ფიქსირებული ფორმები მხოლოდ გზაა ამ არქეტიპის აღსადგენად. კონფერენციის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ტექსტის განვითარების თუ ცვლილების ისტორიაზე და იმსჯელოს იმ მეთოდიკასა და კრიტერიუმებზე, რომლითაც შესაძლებელია ამ ისტორიის დახასიათება.

     რატომ იცვლება ტექსტი? რამდენად, რა მიმართულებით, რა ხარისხით შეიძლება იგი შეიცვალოს? როდის შეიძლება ამ ცვლილებებმა მოგვცეს ახალი ტექსტი? რა არის „ახალი ტექსტის“, „რედაქციის“, „რეცენზიის“ გამოყოფის კრიტერიუმები? რამდენად შეიძლება ცვლილებები შეეხოს წმინდა წერილს?

     ბიბლიის ტექსტის მრავალფეროვნებისა თუ ბიბლიურ თემაზე, სიუჟეტებზე დაწერილი ტექსტებისადმი ინტერესი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მატულობს. სხვადასხვა ფორმაზე, მათი გაჩენის კონტექსტზე უკანასკნელ ხანებში ბევრს წერენ, თბილისის სიმპოზიუმზე მოხდება ამ აქტუალური თემის გაშლა - ტექსტუალური ფორმების მრავალფეროვნების აღწერა და ამ ფორმათა ტერმინოლოგიურ დეფინიციებზე მსჯელობა, ამავე დროს, ყურადღების გამახვილება ბიბლიის ძველ თარგმანებზე, რომლებიც ერთი მხრივ, თვითონ წარმოადგენენ ტექსტის სემანტიკური თუ ფორმალური ცვლილებების მაგალითს, მეორე მხრივ კი ინახავენ ორიგინალის ჩვენამდე არმოღწეულ ტექსტუალურ ფორმებს.