ქართული ქრისტიანული მწერლობის ჩასახვა, უპირველეს ყოვლისა, ბიბლიის თარგმანთანაა დაკავშირებული და, ამიტომ, ქართული ქრისტიანული კულტურის წარმოშობისა და მისი ორიენტაციის, ქრისტიანულ სამყაროსთან მისი მიმართების კვლევა შეუძლებელია ბიბლიის პირველი ქართული თარგმანისა თუ თარგმანების, მათი ხასიათის, მათი ენის, წარმომავლობის საფუძვლიანი და კონკრეტული კვლევისა და ამ კვლევის შედეგად მოპოვებული ობიექტური მასალის გარეშე... ქართული ბიბლიის ფილოლოგია ქართული ქრისტიანული კულტურის შექმნის, მისი პირველი ნაბიჯების კვლევაა.

     ბიბლიის ტექსტი საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა. იცვლებოდა გადამწერების მიერ, იცვლებოდა "ბოროტი თესლის" შთათესვით, იცვლებოდა ტექსტის გასწორების, ნორმირების მიზნით, მისი ბერძნულთან დაახლოების მიზნით, ე.ი. იცვლებოდა ნებსითაც და უნებლიეთაც, წმ. წერილისადმი მოწიწების მიზეზითაც და მოწიწების არქონის გამოც, ითარგმნებოდა ახლიდან... ბიბლიის ფილოლოგიამ უნდა ამოიცნოს ეს ცვლილებები, უნდა შეისწავლოს მათი ლოგიკა და შეუსაბამოს იგი ფილოლოგიურ თუ თეოლოგიურ სკოლებსა და ტრადიციებს. ქართული ბიბლიის ფილოლოგია ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარების მაგისტრალური ხაზების კვლევაცაა.
 
       ბიბლია ქართულად - ეს ნათარგმნი ძეგლია, შესაბამისად, მისი კვლევა შეუძლებელია მისი ორიგინალის დადგენის, შემდეგ კი ამ ორიგინალთან დაკავშირებული პრობლემატიკის გათვალისწინების გარეშე. ამდენად, ქართული ბიბლიის ფილოლოგია საზოგადოდ, ბიბლიის ფილოლოგიასაც გულისხმობს და მისი ნაწილიცაა.